ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების თაობაზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების ქმედებებს ჰქონდა ფართომასშტაბიანი და სადამსჯელო ხასიათი.
ანგარიშის თანახმად, პოლიცია და უსაფრთხოების სხვა ძალები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.
HRW-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ იმ პირებს, რომლებიც პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მათი მონათხრობის თანახმად კი, საპოლიციო ძალების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების გამო სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღეს, მაგალითად, ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.
„შოკისმომგვრელია საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ“ – წერს ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია.
Human Rights Watch ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველების ეკიპირებაზე, ასევე ამოსაცნობი ნიშნების არარსებობაზე. ანგარიშის ავტორები ასევე საუბრობენ საპოლიციო ძალებისა და, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.
In widespread & apparently punitive acts police &other security forces in #Georgia have used brutal violence against largely peaceful protesters. The scale of police violence is shocking & indicated that the authorities sanctioned or condoned it, says @hrw https://t.co/rwv0RFf4uR pic.twitter.com/F9v3ZRQmri
— Giorgi Gogia (@Giorgi_Gogia) December 24, 2024
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად, ეფექტიანად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. ასეთი გამოძიებები უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.
ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ორდენებით დააჯილდოებს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებსაც დასავლეთმა რეპრესიებისთვის სანქციები დაუწესა. Human Rights Watch-ის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უგულებელყოფას.
Human Rights Watch-ის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეების ცემისა და ძალადობის უფლების მინიჭებასა და განხორციელებაზე.