არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა სახელად, „დიეგო ეთერნო“ ასახავს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური ფეხბურთელის ცხოვრებას, რომელშიც წარმოდგენილია მარადონას ოჯახის კუთვნილი ფოტოები, მაისურები და მისი განვლილი ცხოვრება.
გამოფენა მოიცავს ფოტოებს მარადონას მძიმე ბავშვობიდან, ასევე ყველა კლუბის მიმოხილვას, სადაც მას უთამაშია და მის კავშირებს გართობისა და პოლიტიკის სფეროს ცნობილ სახეებთან.
„ეს არის ძალიან მასშტაბური გამოფენა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა ოთახში დაათვალიერონ დიეგოს ცხოვრების ამსახველი კადრები. აქ გვაქვს ერთი ოთახი, რომელიც დიეგოს სახლის ზუსტი იმიტაციაა. ასევე შეხვდებით მის მიერ მოპოვებულ თასებს, დიეგოს ნაცვამ ბუცებსა და მაისურებს”,-ამბობს მატიას სპილკინი, გამოფენის ორგანიზატორი
დიეგო არმანდო მარადონა დაიბადა ვილა ფიორიტოში, ბუენოს აირესის გარეუბანში მდებარე ღარიბ უბანში, მარადონას საოცარი ნიჭი ბავშვობიდანვე გამოიკვეთა და მისი პროფესინალური დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა.
მარადონამ მსოფლიო პოპულარობა 1986 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა მექსიკაში, სადაც თავისი გამორჩეული თამაშით არგენტინას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
მისმა კრეატიულობამ, დრიბლინგმა და საოცარმა თამაშის სტილმა წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთში. მოედნის მიღმა მარადონას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა. მისი მთავარი მტერი ნარკოტიკები იყო. ის 60 წლის ასაკში, 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.