რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე, საღამოს 9 საათისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ელოდებოდა.
პრეზიდენტი გამოჩნდა, აქციის მონაწილეებს შორის ევროპის ჰიმნის ფონზე გაიკვლია გზა და ილიასა და აკაკის ძეგლის წინ, სახელდახელო ფიცარნაგზე სიტყვის სათქმელად ავიდა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა წამდაუწუმ წყდებოდა, თუმცა მაინც გაისმა მისი სათქმელი:
„ესაა ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ თქვენ წინაშე. ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებენ და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით. რომელიც ხვალ, ზეგ, იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან ევროპული საქართველო. ამას ვერავინ გააჩერებს”.
და მან ასევე თქვა:
„არ გვეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ესაა კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილს შორის. აქ სუფევს მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება…
…მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარისა და ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ, ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს და ერთგულია იმ პარტნიორების, რომლებმაც აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი.
მე ვარ და ვიქნები ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, – არავინ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები!”
შემდეგ კი, როცა სალომე ზურაბიშვილს მიკროფონის ნაცვლად, უკვე მეგაფონით უწევდა საუბარი, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა:
„ … 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ, რომ ამ ქვეყნიდან გავიდეს მსოფლიოში მაგალითი დემოკრატიის, შერიგების. მე ველოდები პასუხს, რომ ეს ყველაფერი ნათელი იყოს“.
და რადგან, ამ ზღვა ხალხში, ამ მცირე აკუსტიკური საშუალებებით შეუძლებელი იყო სათქმელის საზოგადოებისათვის მიწვდენა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მის სიტყვას, უკვე ხვალ, პრეზიდენტის სასახლიდან გაუზიარებს საქართველოს მოქალაქეებს.