მთავარისაქართველო„ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე…” - სალომე ზურაბიშვილი

„ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე…” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა და ეს დასკვნა საერთაშორისო პარტნიორებს არჩევნების პოლიტიკურად შეფასებაში დაეხმარება.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ის მზადაა, შეხვდეს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ამ კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიის განსახილველად. სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხვალ საღამოს ცხრა საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს შეუერთდება და მათ სიტყვით მიმართავს.

„სად ვართ? ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე იმის მერე, რაც ეუთო/ოდირმა დადო საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ეს საბოლოო დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად სწორედ ამ დასკვნას ელოდებოდნენ. დასკვნა საფუძველია იმის, რომ ჩვენ ყველა გადავიდეთ ახალ ეტაპზე, რომელსაც ახალი არჩევნების დანიშვნა ჰქვია. ამ პირობებში არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა.

ჩვენ ყველანაირი ზეწოლა, შიგნიდან თუ გარედან, უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რომელიც ერთადერთია, ვინც იღებს გადაწყვეტილებას… რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა, მიიღოს ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება. მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა, შევხვდე. აგრეთვე, ხვალ მე ვიქნები პარლამენტის წინ, ხალხთან ერთად იმისთვის, რათა საღამოს ცხრა საათზე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით და ადგილას მართავენ საპროტესტო აქციებს და გაიტანეს ეს პროტესტი ქვეყნის გარეთ, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი იქნება. დარწმუნებული ვარ, ხვალ ვიქნებით უფრო მეტი, ვიდრე რამდენიც ვართ ყოველდღიურად”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend