მთავარიგადაცემებიThe European Conversationვერა იუროვა: „მთელ ევროპაში დემოკრატიის საოცარი უკუსვლა შეინიშნება“

ვერა იუროვა: „მთელ ევროპაში დემოკრატიის საოცარი უკუსვლა შეინიშნება“

ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ, რომელმაც სულ ახლახან დატოვა თანამდებობა, ევრონიუსს განუცხადა, რომ „გასაკვირია”, თუ როგორ იღებს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მსგავს არალიბერალურ კანონებს.  

ვერა იუროვა  ათი წლის განმავლობაში იყო ევროკომისარი სამართლის, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.  გადაცემა „ევროპულ საუბრებში“ მან განაცხადა, რომ შეშფოთებულია ევროპული საზოგადოების მდგომარეობით და რომ დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის არ წარმოშობს დემოკრატიულ მთავრობას.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „ თქვენ ტოვებთ ბრიუსელს ათწლიანი მუშაობის შემდეგ –  იყავით  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ბოლოს გეკავათ ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა. მანამდე იყავით ევროკომისარი სამართლის, მომხმარებელთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „ნამდვილად ასეა.“

შონა მიურეი, ევრონიუსი: „ბრიუსელში არაჩვეულებრივი ათი წელი გაატარეთ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ ავტორიტარიზმმა მოიმატა. და რომ დემოკრატიული ღირებულებები ევროპასა და მთელ მსოფლიოში შესამჩნევად იხევს უკან. რა იგულისხმეთ?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „მე არ ვარ პოლიტოლოგი, თუმცა  ვარ პრაქტიკოსი, ასე ვთქვათ. ვხედავ ურთიერთკავშირს ბუნდოვანებასა  და მღელვარების მომატებულ დონეს შორის საზოგადოებაში; რომ ხალხს სურს, ვიღაც ძლიერმა იზრუნოს მის ბედზე. ამიტომ სულ უფრო მეტად სურთ ისეთი ლიდერის არჩევა, რომელიც საკმაოდ ძლიერია და თან პატივს სცემს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუმცა შესაძლოა, გამოჩნდნენ ისეთი ლიდერები, რომლებსაც დემოკრატიული სისტემა ზედმეტი თავის ტკივილი ჰგონიათ და ერთი მეორის მიყოლებით თიშავენ მის დამცავ მექანიზმებს. იმასაც ვიტყვი, რომ დემოკრატიული გზით ჩატარებული არჩევნები სულ არ იძლევა დემოკრატიის დამყარების 100-პროცენტიან გარანტიას“.

შონა მიურეი, ევრონიუსი:  „ამ კუთხით  ყველაზე მეტად ევროკავშირის რომელი ქვეყნები გაფიქრებთ?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „ტექნიკური თვალსაზრისით უკვე დიდი ხანია, პრობლემებია უნგრეთთან დაკავშირებით, რადგან ე.წ. მეშვიდე მუხლიც კი ავამოქმედეთ, რომელიც ეხება კანონის უზენაესობის სისტემატურ დარღვევას, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატიის დამცავი მრავალი ან ყველა ინსტრუმენტია გამორთული. ამიტომ უნგრეთს გარკვეული დაფინანსება დავუბლოკეთ. არასდროს მიხარია, როდესაც გვიწევს, შევაჩეროთ დაფინანსება, რომელიც უნდა მოხმარდეს ხალხს, მოქალაქეების უკეთეს განათლებასა თუ ჯანდაცვის სისტემას, ან უკეთესი გზების მშენებლობას და ა.შ. ასე რომ, ეს არის უნგრეთი. ასეთი იყო პოლონეთიც წინა მთავრობის დროს, რომელსაც ძალიან უჭირდა სასამართლო რეფორმების გაგება. გარდა ამისა, წევრი ქვეყნების ნახევარს მედიის სფეროში აქვს პრობლემები“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „გულისხმობთ იტალიას, სლოვაკეთს და ა.შ?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „დიახ, სადაც ვხედავთ, რომ  პოლიტიკოსების მხრიდან იზრდება წნეხი, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მედიაზე“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „რისი თქმა გსურთ ამით?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოების სამსახურში მყოფი მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სისტემაში, განსაკუთრებით დეზინფორმაციის თვალსაზრისით, უნდა იყოს ის წყარო, სადაც ხალხი სანდო ინფორმაციას იპოვის, გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც არგუმენტებით არის გამყარებული. და თუკი ეს დასაბუთებული სიმართლე არ იქნება კომფორტული პოლიტიკოსებისთვის, ისინი ან დაფინანსებას უმცირებენ, ან ისეთ ხალხს ნიშნავენ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც პოლიტიკოსების ინსტრუქციებს ითვალისწინებს. აი, ამას ვგულისხმობ და ამის მოგვარება ვცადეთ მედიის თავისუფლების აქტით, რომელიც მომავალ წელს შევა ძალაში. რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოებრივი მედია კარგ დაცვას იმსახურებს“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „მოდი, კანონის უზენაესობის საკითხებსაც შევეხოთ. უნგრეთში ვნახეთ ლგბტ (LGBT) თემის წინააღმდეგ მიღებული კანონები,  რომლებიც ბავშვთა დაცვის საბაბით მიიღეს. თუმცა ხალხის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს უფრო ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებზე მიტანილი იერიშია. ვნახეთ, როგორ აღძრეს უპრეცედენტო საქმე უნგრეთის წინააღმდეგ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში 16-მა ქვეყანამ, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ახლა იმავე კანონებს იღებენ  სხვა ქვეყნებში – რუმინეთში, სლოვაკეთში და, შესაძლოა, იტალიაშიც. უნგრეთში ასევე გვაქვს კანონი სუვერენიტეტის შესახებ ანუ სუვერენიტეტის დამცავი ოფისი, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, რომ კორუფციის საკითხი გამოიძიოს ისეთი ტიპის ორგანიზაციაში, როგორიცაა, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაცია. ეს საკითხი ძალიან გამწვავდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. რატომ ვერ მოახერხეს ევროკომისიამ და ევროკავშირმა მისი ასეთი ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:  „ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, თუ რამდენად გადამდებია ეს მიდგომა, რადგან სხვა სახელმწიფოებიც ახსენეთ.  როდესაც ვამჩნევდი პირველ ნიშნებს იმისა, რომ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მოსწონდათ უნგრეთის კანონები, ყოველთვის დაუყოვნებლივ ვიწყებდი დიალოგს მათთან და ვთხოვდი, რომ უარი ეთქვათ ამაზე, ან შეესწორებინათ კანონპროექტი ისე, რომ ევროკავშირის კანონთან ყოფილიყო თანხვედრაში. სწორედ ასე მოვიქეცი, როდესაც ბრატისლავაში ბატონ ფიცოს ვესაუბრე, რადგან მათ სურდათ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ უნგრეთის მსგავსი კანონის მიღება.  ვუთხარი,  ჩვენ უკვე მოგვიწია ზომების მიღება უნგრეთთან დაკავშირებით და დარწმუნებული იყავი, რომ ამას გავიმეორებთ-მეთქი“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „და მოგისმინათ? ისე შეასწორა კანონმდებლობა, რომ დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო? რადგან ეს კანონი არსებითად იმ კანონის მსგავსია, როგორიც საქართველოში მიიღეს, რომელსაც ხალხი აპროტესტებდა და რომლის გამოც ევროკავშირმა, ფაქტობრივად, შეუჩერა საქართველოს მიღების პროცესი. არადა, ევროკავშირში არის ქვეყანა, რომელიც იმავეს აკეთებს“.

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „მართლაც, ძალიან სამწუხარო გარემოება ის არის, რომ ეს კანონი რუსული კანონის მაგალითია“.

შონა მიურეი, ევრონიუსი:  „რაკი საერთაშორისო კანონის თვალსაზრისით ხელისუფლების დანაწილებაზე ვსაუბრობთ, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ გვაქვს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ  გალანტი და  „ჰამასის“ სამხედრო ლიდერის –  მუჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერი. მაგრამ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს ბუდაპეშტში მიპატიჟებას აპირებს. ამაზე რა რეაქცია გაქვთ? თუ გავითვალისწინებთ, რომ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას ითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ევროკავშირი, უნგრეთი კი ევროკავშირის და, რა თქმა უნდა, ამ სასამართლოს წევრია“.

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „ცოტა ხნის წინ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებსა და  პოლიტიკაზე ვისაუბრე. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებმა კარგად იციან თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები. უნგრეთი  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი ქვეყანაა. და წესის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეყრდნობა, ამ სასამართლოს წევრმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა ხელმომწერი მხარისთვის, მათ შორის უნგრეთისთვისაც“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „ რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ეს ერთ-ერთი სფეროა, რომელიც თქვენი კომპეტენციის სფეროში შემოდიოდა. მისი ერთ-ერთი პრობლემაა დეზინფორმაცია, სოციალური მედიაკომპანიების რეგულირება. თქვენ ამ კუთხით წარსულში დაუპირისპირდით ილონ მასკს რეგულაციებთან დაკავშირებით. ახლა როცა ის თეთრი სახლის ადმინისტრაციაშია, ხომ არ გაურთულდება ევროკავშირს ისეთი პრობლემების რეგულირება, რომლებიც ეხება ინტერნეტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც აზიანებს დემოკრატიას?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „თუ როგორ გაუძღვება თეთრი სახლი საქმეს, ეს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. რაც შეეხება ევროპას, ჩვენ ვზრუნავთ ევროპის საქმეებზე, ევროპულ ინფორმაციასა და  ევროპელების უსაფრთხოებაზე. და როდესაც ვხედავთ, რომ ციფრული პლატფორმები შეუფერხებლად ავრცელებენ ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, როგორებიცაა სიძულვილის ენა ან ტერორისტული თუ ექსტრემისტული შინაარსის მქონე ინფორმაცია, ბავშვთა პორნოგრაფია – უნდა ვიმოქმედოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ კანონი, რომელსაც „ციფრული მომსახურების აქტი“ ჰქვია და რომელიც მკაფიო ვალდებულებებს აკისრებს ყველა პლატფორმას, რათა დაემორჩილონ კანონს და შექმნან მყარი გარანტია იმისა, რომ არ გადაიქცევიან კრიმინალური შინაარსის მქონე ინფორმაციის ფართო გავრცელების სისტემად“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „მოწმე ვართ იმისა, თუ როგორ მოიმატა ინტერნეტის საშუალებით ქალების მიმართ ჩადენილმა ძალადობამ. ვნახეთ ამის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით. ვიხილეთ ასევე ევროკავშირის პირველი დირექტივა ოჯახური ძალადობის შესახებ. თუმცა პრობლემად რჩება გაუპატიურების საკითხი, რადგან ზოგიერთი წევრი ქვეყანა, ნიდერლანდები, გერმანია და საფრანგეთი, ვერ თანხმდება გაუპატიურების განსაზღვრებაზე. შეგიძლიათ ამიხსნათ, მაინც რატომ არის ასეთი რთული ოჯახურ ძალადობასთან და ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:  „იქნებ ერთი ზოგადი შენიშვნით შევძლო ჩემი დამოკიდებულების გადმოცემა. საზოგადოებაში სულ უფრო ძლიერდებიან ისეთი ძალები, რომლებიც მე-19 საუკუნის სისტემაზე ოცნებობენ, როდესაც ქალს მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა.  მოქმედი პოლიტიკოსებისგან და თვით ევროპარლამენტშიც მსმენია, რომ თურმე საუკეთესო იყო ის სისტემა, რომლის დროსაც ქალის საქმე იყო სამზარეულო და ეკლესიაში სიარული“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „ ამას ვინ ამბობს ევროპარლამენტში?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „არ მინდა სახელების თქმა, თუმცა…“

შონა მიურეი, ევრონიუსი:  „ევროპარლამენტარები?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „დიახ.“

შონა მიურეი, ევრონიუსი:  „რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ან ჯგუფის წარმომადგენლები?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის რომელიღაც ჯგუფს წარმოადგენენ გარკვეული სახელმწიფოებიდან. მაგრამ მე ის უფრო მიკვირს, რომ ამას ვისმენ ისეთი ხალხისგან, რომელსაც ვიცნობ, როგორც.. არ მინდა, ვთქვა, პროგრესულს… მაგრამ როგორც თანამედროვე გონიერ პოლიტიკოსებს“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „ყველა მათგანი მამაკაცია.“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცები ნაკლებად თავდაჯერებული არიან. ჩემი აზრით, მათ უბრალოდ არ  მოსწონთ კონკურენცია, რომ მოულოდნელად უწევთ  კონკურენცია ძლიერ ქალებთან და ურთულდებათ მაღალი თანამდებობის შენარჩუნება ასეთ პირობებში. რაც შეეხება თქვენს კითხვას. ქალთა მიმართ ძალადობა ევროპაში სამარცხვინო ამბავია. საშინელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ქალს განუცდია რაღაც ამის მსგავსი. მათ შორის ფიზიკური ძალადობაც, გაუპატიურების ჩათვლით. ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება გაუპატიურების ერთიანი განსაზღვრების საკითხში. მართალი ბრძანდებით. ეს ძალიან ცუდი იყო ჩემთვის, რადგან სწორედ იმიტომ გამოვედი დირექტივის ინიციატივით, რომ გაუპატიურების სერიოზული, მყარი დეფინიცია გვქონოდა. და ჯარიმებიც გაზრდილიყო ამაზე“.

შონა მიურეი, ევრონიუსი:  „მაინც რატომ გაუწიეს მას ასეთი დიდი წინააღმდეგობა ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და უნგრეთი?“

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „ გაიმართა კამათი იმის შესახებ, რამდენად ნიშნავს „კი“ თანხმობას და „არა“ – უარს. ასეთ ელემენტარულ საკითხზე შედგა დისკუსია, თუ რამდენად მკაფიო უნდა იყოს თანხმობა სქესობრივ კავშირზე“.

შონა მიურეი, ევრონიუსი: “იმიტომ, რომ ვნახეთ, რაც მოხდა საფრანგეთში ჟიზელ პელიკოს შემთხვევაში, რომელსაც ქმარი წამლებით აბრუებდა და 50 კაცი წარდგა სასამართლოს წინაშე“.

ვერა იუროვაევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:  „ჩემი აზრით, რთული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსებისთვის, რომ ეს საკითხი თავიანთ ქვეყნებშიც გაეტანათ“.

ავტორი: შონა მიურეი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend